18 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
"ჩვენთვის პრინციპულია, ნებისმიერი შეთანხმება ეხებოდეს არა მხოლოდ საარჩევნო სისტემას, ასევე პოლიტპატიმრებს" - თინა ბოკუჩავა

ოპოზიციური სპექტრისთვის მნიშვნელოვანია შეთანხმება ერთნაირად ეხებოდეს როგორც საარჩევნო სისტემას, ისე პოლიტპატიმრების საკითხს - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანმა თინათინ ბოკუჩავამ ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე სასაუბროდ კონსულტაციებისთვის კიდევ ერთხელ შეიკრიბა. 

"თუ ისინი იქნებიან მზად ერთის მხრივ, ეს ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი გადათარგმნონ კონკრეტულ ციფრებში და თუ ამაზე იქნება ერთიანი ოპოზიციური პოზიცია, ჩემი აზრით, მხოლოდ შემდგომ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ჩვენთვის პრინციპულია, ნებისმიერი შეთანხმება ეხებოდეს არა მხოლოდ საარჩევნო სისტემას, ასევე პოლიტპატიმრებს," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, ადეკვატური საარჩევნო სისტემის შემოთავაზების შემთხვევაში, შესაძლოა მას მხარი დაუჭირონ. 

"პოლიტპატიმრების თემა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იქნა ადეკვატური საარჩევნო სისტემა შეიძლება დეპუტატებმა მხარი დაუჭირონ ამ სისტემას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. იმიტომ, რომ პოლიტპატიმრების პირობებში და პოლიტიკური დევნის პირობებში, ვერსად ვერ ჩატარდება ნორმალური არჩევნები. კიდევ ერთ საკითხზე ვიმსჯელეთ - კორონავირუსის და 4 აპრილის აქციის საკითხზე. თუ გამწვავდა კორონავირუსის პრობლემა, შეიძლება თარიღს გადავხედოთ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლების და მისი დაპირებების არ სჯერა. 

"ჩვენ ვართ იქეთ, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს ივანიშვილის რეჟიმისგან და ჩატარდეს პროპორციული არჩევნები. ვიმეორებ, ამათ რომ დაარეგისტრირონ სრულიად პროპორციული არჩევნების მოდელი ხვალვე, სამი თვის შემდეგ ისევე გადაგვაგდებენ, როგორც გადაგვაგდეს გასული წლის ნოემბერში. ამაში ძალიან ნაკლებად მეპარება ეჭვი იმიტომ, რომ მგელი არ მოიშლის მგლობას, ეს არის ნათქვამი სწორედ ბიძინა ივანიშვილზე," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ. 

"ხვალ თუ არ გამოუშვებს პოლიტპატიმრებს, მაგრამ პროპორციულს შეიტანს, თუ ესეთი სიგიჟე ჩაიდინა პოლიტიკური, რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ ჩვენი მეგობრები პოლიტიკური თუ პირადი ციხეში ზიან, ამის გამო პროპორციულს არ ჩავაგდებინებთ. ეს ლოგიკურია... თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ეს მოხდეს, ის ხალხი იმიტომ დაიჭირა, რომ რეალურად ნორმალიზაცია ამ კაცს არ უნდა," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები