13 სექტემბერი 2026,   13:39
ვრცლად
ცენტრ "კრწანისში" ახალი სამეთაურო-საშტაბო ცენტრის მშენებლობა დაიწყო

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისში" JTEC-ის ტერიტორიაზე ახალი სამეთაურო-საშტაბო ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2021 წელს დასრულდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, ნატოს სტანდარტების შესაბამისი სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის (CSTC) შენობის საძირკველში დროის კაფსულა ჩადო. კაფსულაში  ცენტრის მშენებლობის დაწყების შესახებ სიმბოლურად დოკუმენტი ჩაიდო, რომელსაც ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი დუმბაძემ, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა იოსებ ლოლაძემ მოაწერეს.

სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი საერთაშორისო და ეროვნული დონის მნიშვნელოვან საშტაბო სწავლებებს უმასპინძლებს. 2022 წელს ცენტრში ნატო-საქართველოს სწავლება გაიმართება. ერთ შენობაში განთავსდება სწავლების კონტროლი ყველა ელემენტით, რაც სხვადასხვა სახის სწავლების ერთიან სივრცეში გამართვის შესაძლებლობას შექმნის. ახალი ინფრასტრუქტურა საშტაბო სწავლებების კლასიფიცირებულ გარემოში ჩატარებისა და საერთაშორისო სწავლებებში დისტანციურად ჩართვის საშუალებასაც იძლევა. სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი,  მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებსაც უმასპინძლებს.

" აღნიშნულ შენობაში ჩატარდება მომდევნო ნატო საქართველოს სწავლება და სხვა სამეთაურო-საშტაბო სწავლებები, როგორიცაა დიდგორის, ბატალიონების და ბრიგადების სამეთაურო-საშტაბო სწავლება. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ შენობას იმ კუთხითაც, რომ ის უზრუნველყოფს კლასიფიცირებულ გარემოში სწავლებების ჩატარებას, და შესაძლებელს ხდის ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან დისცტანციურ სწავლებას," - განაცხადა წვრთნებისა და განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ

დღის ამბები