სამეგრელოში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში რამდენიმე ლოკაციაზე ცეცხლის ჩაქრობა წუხელ გვიან ღამით მეხანძრე-მაშველებმა და ადგილობრივებმა შეძლეს.
ყველაზე ბოლოს ხანძარი წალენჯიხისა და ზუგდიდის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ გაჩნდა. ხანძარს მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ქვეყნის მასშტაბით გახშირებული ხანძრების მიზეზად დაუდევრობას ასახელებს.
ცეცხლის შედეგად სამეგრელოში დამწვარია ათეულობით ჰექტარი თხილნარი, სასოფლო-სამეურნეო კულტურები და წიწვოვანი ხეები.