18 სექტემბერი 2026,   22:59
ვრცლად
საშენებლო კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებულთა ბინების მშენებლობა იწყება - კახა კალაძე

სამშენებლო კომპანია “სვეტის“მიერ  დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იწყება. ამის შესახებ  დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

კახა კალაძე ამბობს, რომ პრობლემის მოგვარებაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები იყო ჩართული, მათ შორის, იუსტიციის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო.

კახა კალაძის თქმით, სამუშაოების განხორციელება ეტაპობრივად, თბილისის სამ მისამართზე დაიწყება და მას კომპანია m2 განახორციელებს. მისი თქმით, კომპანიას დაახლოებით სამი წელი დასჭირდება იმისათვის, რომ დაზარალებული ადამიანები ბინებით დააკმაყოფილოს.

"მინდა დავიწყო იმ სასიხარულო ინფორმაციით, რომლის მოსმენას ათასობით ადამიანი ელოდება. დღეიდან იწყება სამშენებლო კომპანია "სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რომელსაც კომპანია m2 განახორციელებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. მე მინდა ყველა იმ ადამიანს, ილია ელოშვილის ხელმძღვანელობით, მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ პრობლემის მოგვარებაში. საინიციატივო ჯგუფი, შესაბამისი უწყებები. აქ მარტო დედაქალაქის მერია ვერ მოაგვარებდა ამ უდიდეს პრობლემას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ კომპანია "სვეტის“ გარდა, სხვა სამშენებლო კომპანიები დაასახელა, რომელთაც დაზარალებული მოქალაქეები ჰყავთ და იმედი გამოთქვა, რომ ამ შემთხვევაშიც პრობლემა მოგვარდება.

“ჩვენ ანალოგიური პრობლემები კიდევ გვაქვს. "ცენტრ პოინტი" შემიძლია დავასახელო, ასევე, სამშენებლო კომპანია “ოლიმპიური ვარსკვლავით“ დაზარალებულები. ჩვენ, ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და მე მჯერა, რომ იგივე პროცესები წავა, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო მოგვარებული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოჯახებს, ვისაც თანხები აქვთ გადახდილი და ვინც ათეული წლებია ელოდება საცხოვრებელ ბინებს, მათ ოჯახებში დავაბრუნოთ სიხარული,“ - განაცხადა  კახა კალაძე.

დღის ამბები