18 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა - 9 პაციენტის ლაბორატორიულ პასუხებს ელოდებიან

ლუგარის ლაბორატორიამ დღეს ვირუსის კიდევ 3 ფაქტი დაადასტურა. ეს არის დამოუკიდებელი შემთხვევები, ანუ ახალ პაციენტებს კავშირი არ ჰქონიათ იმ პირებთან, რომლებიც ინფექციურში უკვე წვანან. სამივეს შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან. ახლა ეპიდემიოლოგები საგანგებო რეჟიმში მათ კონტაქტებს სწავლობენ - ვისთან ჰქონდათ დაინფიცირებულებს ბოლო დღეების განმავლობაში ურთიერთობა. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მოქალაქე კარანტინში იყო. მათგან ერთის მდგომარეობა შდარებით მძიმეა.

რამდენიმე საათში ოფიციალურად დადასტურდება, ყავს თუ არა ქვეყანას "კოვიდ19"-გან განკურნებული მეორე პაციენტი. პირს, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, პირველადი ტესტირებით კორონავირუსი არ დაუდგინდა. ინფექციურ კლინიკაში განმარტავენ, რომ თუ 24 საათში ტესტმა ანალოგიური შედეგი აჩვენა, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.

ამ დროისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზე უკვე აისახა საქართველოში პირველი გამოჯანმრთელებულის შესახებ არსებული მონაცემები. მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დრომდე სტაბილური რჩება ვირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის მდგომარეობა. მათ შორის არის 4 არასრულწლოვანიც, რომლებსაც რესპირატორული გართულებები არ აღენიშნებათ. 

ქვეყანაში ვირუსის მესამეული გავრცელება არ მომხდარა - ასე ეხმაურება თენგიზ ცერცვაძე "კოვიდ 19"-ის შიდა გავრცელების შესახებ არსებულ ინფორმაციას. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ქვეყნის შიგნით დაინფიცირებულ ყველა პაციენტს, შეხება რისკჯგუფის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან ჰქონდა. ცერცვაძემ "კურიერთან" ისიც განმარტა, რომ ხუთივე ინფიცირებულის საკონტაქტო პირთა ჯგუფი იდენტიფიცირებულია, საკარანტინო რეჟიმში იმყოფებიან და მათთან ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ექიმების აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ ამ დრომდე 38 მოქალაქე რჩება რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ოთხივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია და საქართველოს საზღვარი წითელ ხიდზე გუშინ გადმოკვეთეს.

დამაკმაყოფილებელია საჩხერის საავადმყოფოში მოთავსებული "კოვიდ 19"-ით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობაც. ექიმების განმარტებით, არცერთ მათგანს სიცოცხლისთვის საშიში გამოვლინებები არ აღენიშნება. ინფიცირებულების პარალელურად საჩხერის საავადმყოფოს სასტუმროში კარანტინში რჩება 40 ადამიანი.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდან გაგზავნილი ოთხი პაციენტის ტესტიდან სამი უარყოფითი აღმოჩნდა. სულ კარანტინში აჭარის რეგიონში 150 ადამიანი რჩება. 98 მოქალაქე განაგრძობს კარანტინის რეჟიმში ცხოვრებას წყალტუბოს სანატორიუმში, გორსა და თელავში კი, იზოლაციაში მყოფთა რიცხვი 160-ია.

დღესვე ქვეყნის მასშტაბით შსს-მ თვითიზოლაციის პირობების დარღვევის გამო იძულებით კარანტინში 20 ადამიანი გადაიყვანა. თვითიზოლაციის წესების დარღვევა გამოვლინდა თბილისში, მცხეთაში, კახეთის, იმერეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში.

ბოლო ინფორმაციით, 15 მარტს საქართველოში "კოვიდ 19"-ის მატარებელთა რიცხვი უკვე 33-ს შეადგენს. ჯერჯერობით ინფექციურ საავადმყოფოში 9 პაციენტის ანალიზის პასუხს კვლავ ელოდებიან. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კარანტინსა და სტაციონარულ მეთვალყურეობას 503 ადამიანი გადის.

დღის ამბები