საქართველოში ამ დროისთვის COVID 19-ით ინფიცირების მხოლოდ ე.წ. მესამეული გადაცემა ფიქსირდება. როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ პირებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ან ჰქონდათ კავშირი მათთან, ვისაც მოგზაურობის ისტორია რისკჯგუფ ქვეყნებში ჰქონდათ.
რაც შეეხება რეგიონებს, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
"ლაბორატორიულად დადასტურებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდა აღნიშნული პაციენტისა, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია 2 შესაძლო შემთხვევა, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგი რამდენიმე საათში იქნება ცნობილი. ისინი მსუბუქი რესპირაციული ჩივილებით არიან. რაც შეეხება საკარანტინო ზონას, აქტიურად ხდება ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. თუკი საეჭვო ჩივილი გამოვლინდება, აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას," - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე.
მონაცემები უცვლელია იმერეთშიც, სადაც საკარანტინო სივრცეში 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. ლუგარის ლაბორატორიიდან კი დღეს მიღებული პასუხებით, COVID 19-ზე დადებითი პასუხი არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირდა.
"გუშინ ღამის საათებში შემოსულია 6 ახალი პაციენტი, ჩვენ მივიღეთ 5 პაციენტის პასუხი, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა. 6 ადამიანი გვყავს დაკვირვების ქვეშ, რომელთაც უარყოფითი პასუხი აქვთ, მაგრამ გარკვეული რესპირატორული პრობლემების გამო, დარჩნენ ჩვენთან, სავარაუდოდ დღეს გავწერთ მათ საავადმყოფოდან. საერთო ჯამში კი, ჩვენს სტაციონარში 16 პაციენტია მოთავსებული," - განაცხადა ქუთაისის კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ.