ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ზუგდიდისა და წალენჯიხის ქუჩები აკურთხა. სასულიერო პირები ორი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ქალაქის ქუჩებში პიკაპის ტიპის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, საიდანაც ნაკურთხ წყალს აპკურებდნენ.
სასულიერო პირების განმარტებით, აღნიშნული მსახურება კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას უკავშირდება.
როგორც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აღნიშნა, ეპარქიის მასშტაბით უკვე დაწყებულია სამზადისიც. ტაძრებში დამონტაჟდება სპეციალური აპარატურა, რათა მრევლმა წირვის დროს დისტანციის დაცვა შეძლოს და მსახურების მოსმენა ტაძრების ეზოში შეძლოს.
"მოვუწოდებთ მრევლს, რომ გადანაწილდნენ ორშაბათიდან კვირის ჩათვლით ტაძრებში, უნდა დავიცვათ დისტანცია, მითითება, ლოცვა კურთხევა, რასაც საპატრიარქო მრევლს აძლევს. გარეთ უნდა გავაკეთოთ ხმის გამაძლიერებლები, იმისთვის, რომ ვინც ვერ შემოვა ეკლესიაში და ვერ დაიცავს დისტანციას, როგორც ამას მედიკოსები და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვაწოდებს, შეძლონ ლოცვის მოსმენა,"- აღნიშნა მეუფემ.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ზიარების წესის შეცვლა არ იგეგმება. ამასთან, დასძინა, რომ სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს სასულიერო პირები სახლში აზიარებენ.
"უმორჩილესად ვთხოვთ იმ ადამიანებს, ვინც არიან თვითოზოლაციაში, ან აქვთ სიმპტომები, ნუ გამოვლენ სახლიდან და დაიცვან რეკომენდაციები, როგორც ამას ეკლესია და სახელმწიფო მოუწოდებს, ნუ გადასდებენ სხვას ამ ინფექციას და ნუ ჩავარდებიან ამ ცოდვაში,"- აღნიშნა მეუფე გერასიმემ.