18 ნოემბერი 2024,   09:57
ვრცლად
რუხის კლინიკა მზადდება რეგიონისა და აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში დიაგნოსტირება-მკურნალობისთვის - ციხელაშვილი

რუხის საავადმყოფოს აღჭურვის პროცესს პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის უწყების ხელმძღანელთან ერთად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც დაესწრო.

ციხელაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ამზადებს როგორც სამეგრელოს რეგიონისთვის, ასევე იმისთვის, რომ აფხაზეთის რეგიონიდან მომართვიანობის შემთხვევაში მოხდეს დიაგნოსტიკაც და ინფიცირებულთა მკურნალობაც.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების თხოვნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების მიმართ არის ის, რომ მოსახლეობამ დაიცვას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული, ასევე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, მათი ოჯახებისა და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის.

"ჩვენ მუდმივად გვაქვს კონტაქტი, ყოველდღიურად ფაქტობრივად. არის გარკვეული ინფორმაციები, მაგრამ თვითონ დიაგნოსტიკის შესაძლებლობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთშიც არის ძალიან მწირი, ამიტომ რეალურად რა სურათია, ამის შეფასება ძალიან რთულია. საკმაოდ მაღალი რისკებია გამომდინარე იქიდან, რომ ფსოუდან, საქართველო-რუსეთის  მონაკვეთიდან, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ ძალიან დიდი ნაკადის შემოსვლა ხდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის, ე.წ. არჩევნების, თუ წინა კამპანიის დროს, ადგილი ჰქონდა ძალიან დიდ თავყრილობებს, გაუკონტროლებელ შემოდინებებს ადამიანებისა და, რა თქმა უნდა, ეს რისკის ფაქტორებს ზრდის. პარალელურად, ჩვენ ვცდილობთ, განვახორციელოთ ყველა ღონისძიება, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას, პრევენცია მოხდეს გავრცელების. რუხის მრავალპროფილური კლინიკა არის აბსოლუტურად უნიკალური სამედიცინო ინფრასტრუქტურა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2014 წელს და აქვს ძალიან ფართო შესაძლებლობები,"- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები