რუსთავში ეპიდემიოლოგები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ირკვევა, რომ COVID 19-ით ინფიცირებული საკრებულოს დეპუტატის ოჯახში თანამშრომლების გარდა ერთ-ერთი სატელეკომუნიკაციო კომპანიის სამი თანამშრომელიც იმყოფებოდა, რომელიც ტექნიკური სამუშაოებისთვის ბინაზე გამოიძახეს. ისინი ახლა იზოლაციაში არიან.
"მამას და შვილს შორის დადასტურდა ახალი კორონავირუსის დიაგნოზი. როგორც კი დადასტურება მოხდა, დავიწყეთ, პირველ რიგში, ახლო კონტაქტების მოძიება. საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა. მოძიებულია ფაქტობრივად, 90%-ზე მეტი, შეიძლება ვთქვათ, რომ სრულად მოძიებულია ახლო კონტაქტები. გუშინვე მოხდა კომუნიკაცია ამ ხალხთან. ყველა გადასულია თვითიზოლაციის რეჟიმში," - განაცხადა ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა დათო ბეგაშვილმა.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის თქმით, შესწავლილია ყველა შესაძლო რისკი და კონტაქტი.
"სადაც შესაძლო რისკებია და კომუნიკაციის შესაძლებლობები იყო, არის შესწავლილი და თვითიზოლაციის მკაცრ რეჟიმზე არიან ადამიანები. მათ სორის იყო, კომპანია "მაგთის" სერვისის მოთხოვნა ოჯახიდან, მათგანაც 2 ადამიანია თვითიზოლაციაში, 1 კი საკარანტინო სივრცეში. ჩვენი საკარანტინო სივრცეებიდან ნელ-ნელა ხალხის გაწერა დაიწყო და დაახლოებით 50-დან 60 ადგილამდე გვაქვს შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება საკარანტინო დაკვირვება,"- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს COVID 19 დედისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. ინფიცირების ერთ-ერთ მიზეზად ფული სახელდება. ქალი ბანკის საცავში მუშაობს, სადაც შეხება ნაღდ ფულთან ჰქონდა.