COVID-19-ის ინფექციის გავრცელების კუთხით, ქვეყანაში ერთ-ერთი რისკზონა ვანის რაიონია. ამ შემთხვევაში სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ 65 წლის ქალის ინფიცირების პირველწყარო უცნობია, კონტაქტი კი ბევრი.
ვანის მუნიციპალიტეტში უკვე განთავსდა ბლოკპოსტები, ამოქმედებულია საველე სამედიცინო პუნქტი და მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.
ზომების გამკაცრებიდან პირველივე დღეს მოვლენები ცუდი სცენარით განვითარდა. კორონავირუსი იმ ქალის მეუღლესა და სიძეს დაუდასტურდათ, რომლიც ქალაქში პირველი ინფიცირებულია. ეჭვები ლაბორატორიულად მას შემდეგ დადასტურდა, რაც ინფექციონისტებმა კონტაქტში მყოფი ყველა პირის შემოწმება დაიწყეს.
ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად რთულდება სამუშაო სპეციალისტებისთვის. სწორედ ამიტომ, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები ვანში ჩავიდნენ. ეპიდემიოლოგებმა ნიმუში აუღეს ვანის კლასტერის წყაროებთან შემხებლობაში მყოფ პირებს. ამის შემდეგ ნიმუშები იმერეთის სამხარეო ლაბორატორიაში გადაიგზავნა.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ვითარება მაინც კონტროლს ექვემდებარება. ემუქრება თუ არა ქალაქს ჩაკეტვა - ეს კითხვა ჯერ პასუხგაუცემელია.
ვირუსის გავრცელების ჯგუფის მთავარი წყაროს დაინფიცირების ისტორია უცნობია. ამის გამო დროებით დაიხურა კერძო კლინიკა, სადაც პაციენტი იყო შეყვანილი. ამ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები იზოლაციაში არიან. ასევე, ამ ხერხს მიმართეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის იმ წევრებმა, რომლებმაც ინფიცირებულს სახლში მიაკითხეს. არსებობს ვერსია, რომ პაციენტმა რეალური სიმპტომები მედპერსონალს დაუმალა.
ვანი უკვე მე-10 წერტილია, სადაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამშვები პუნქტები დაიდგა. დღეს ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია. ყველა მოქალაქეს, რომელსაც ვანის ტერიტორიაზე შესვლის სურვილი ექნება, სპეციალური თერმოსკრინინგისა და საპოლიციო კონტროლის გავლა მოუწევს.