08 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
პირს, რომელმაც ძაღლი მეთორმეტე სართულიდან გადააგდო, ბრალი წარუდგინეს

ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ ბორჯომში ცხოველის მიმართ განხორციელებული სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ ა.ს.-ს ბრალი წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა.ს.-მ ქ.ბორჯომში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან ქ.თ.-ს ძაღლი გადააგდო, რის შედეგად ცხოველმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ა.ს. 2020 წლის 8 აპრილს დააკავეს. მას  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) წარედგინა.

2020 წლის 10 აპრილს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ბრალდებულ ა.ს.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა - ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, რასაც პროკურატურა გაასაჩივრებს კანონით დადგენილ ვადაში და წესით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ა.ს.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები