თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი 3 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია, რადგან მას ორგანოების მწვავე დაზიანების სინდრომი აქვს:
"ამ ეტაპზე კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 57 პაციენტი გვყავს. რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, 3 გახლავთ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი 5 პაციენტი სპონტანურ სუნთქვაზე. ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი პაციენტებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, სახეზეა მწვავე ფილტვის დაზიანების სინდრომი, მწვავე გულის დაზიანების სინდრომი, მწვავე თირკმლის დაზიანების სინდრომი და მწვავე ღვიძლის დაზიანების სინდრომი," - აღნიშნა რატიანმა.
კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, ისინი სამედიცონო დაწესებულებიდან კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერას ელოდებიან, საქმე ეხება ორსულ ქალს, რომელსაც 14 დღიანი ვადის შემდეგ კორონავირუსის ანალიზზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა:
"რაც შეეხება ორსულ ქალბატონებს, რომლებიც ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან, მათი მდგომარეობა როგორც ქალბატონების ასევე ნაყოფების სტაბილურია, ერთ ქალბატონთან გუშინ გავიდა 14 დღე და მოვიდა უარყოფითი პასუხი დღეს და დღეს განმეორებით გაიგზავნება და თუ იქნება უარყოფითი ქალბატონი გაეწერება," - განაცხადა ლევან რატიანმა.