ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ქვეყანაში 10 ათასზე მეტი PCR ტესტი და 9 ათასზე მეტი სწრაფი ტესტია. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენ ვაგრძელებთ მრავალსაფეხურიან ტესტირებას, რაც გულისხმობს, როგორც სწრაფი ტესტებით ასევე PCR ტესტებით ადამიანების გამოკვლევას, დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს 10 ათასზე მეტი PCR ტესტის სრული კომპლექტაცია, ორშაბათს ველოდებით 40 ათას ტესტს და მაისის დასაწყისში ეს რაოდენობა შეივსება 100 ათასამდე.
ამ ეტაპისთვის ქვეყანაში უკვე გამოყენებულია 5 ათასზე მეტი სწრაფი ტესტი და დამატებით ჩვენ კიდევ გვაქვს 9 ათასი ტესტი რომელიც დარიგებულია ყველა საავადმყოფოში სადაც მიმდინარეობს, როგორც პაციენტების ასევე თანამშრომლების ტესტირება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.