უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.
საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. სოფლების: ხატისოფლის, ვანათისა და მუშევანის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება. უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.