18 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ოპოზიცია მარინა ეზუგბაიას განცხადებას აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით გაუგებარს უწოდებს

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 25-ით გაიზარდა, რასაც მედიკოსები ე. წ. აგრესიულ ტესტირებას უკავშირებენ. კრიტიკის ობიექტი გახდა დღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელი მარინა ეზუგბაია, რომელმაც ამ თემაზე საუბრისას თქვა, რომ შემდგომ დღეებში, ალბათ, ტესტირება აგრესიული კვლევების გარეშე ჩატარდება და იმედი დაიტოვა, რომ მაჩვენებელიც არ იქნება ისეთი, როგორიც დღეს იყო.

ოპოზიცია მედიკოსის ამ განმარტებას გაუგებარს უწოდებს და აცხადებს, რომ ფართომასშტაბიანი ტესტირება ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა, რომ ვირუსის ფარული, უკონტროლო გავრცელება ავიცილოთ თავიდან.

"ეს კიდევ ერთხელ ავლენს ტესტებისადმი სკეპტიკურ მიდგომას, რასაც მთავრობა აქამდე მიზანმიმართულად მიჰყვებოდა. იმ პირობებში, როდესაც მთავრობამ, როგორც იქნა, ძალიან დიდი დაგვიანებით, სახლებიდან გამოსვლის ეტაპობრივი გეგმა გამოაცხადა, სწორედ ფართომასშტაბიანი ტესტირებაა ერთ-ერთი აუცილებელი საშუალება, რომ ვირუსის ფარული უკონტროლო გავრცელება ავიცილოთ თავიდან," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

შეზღუდვების მოხსნისას ფართომასშტაბიანი ტესტირების აუცილებლობაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა და მარინა ეზუგბაიას განცხადებას შემაშფოთებელს უწოდებს:

"ის განცხადება, რომელიც ქალბატონი ეზუგბაიასგან მოვისმინეთ, ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია და კითხვის ნიშნებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, მისი მთავარი საზრუნავი დაავადებულთა რიცხვის გამოვლენაა, თუ ხელოვნურად სტატისტიკის შენარჩუნება," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

დღის ამბები