04 მაისი 2024,   13:40
ვრცლად
ესპანეთში ასობით ადამიანი ქუჩაში ქვაბებით და ტაფებით ხელში გამოვიდა - ისინი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ

ესპანეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას კიდევ ერთი თვით, ივნისის ბოლომდე გეგმავს. პრემიერის გადაწყვეტილებას ესპანეთის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქციებით უპასუხა. ასობით ადამიანი ქუჩებში ქვაბებითა და ტაფებით ხელში გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა მთავრობის ანტიკრიზისული მოქმედებები და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება გააპროტესტეს და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს.

"თუკი ხელისუფლება კოვიდ-19-ის ტესტირებას ინტენსიურად გააგრძელებს, შესაძლებლობა გვექნება დავუბრუნდეთ სამუშაოს. თუკი პრემიერი საკუთარი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციას მოახდენს, ის იქნება კორონავირუსის შემდეგ ყველაზე დიდი ვირუსი მილიონობით ესპანელისთვის," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გერმანიის ქალაქებშიც გააპროტესტეს. დაკავებულია რამდენიმე ასეული აქტივისტი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქება და ეკონომიკის სრული ამუშავება, შესაძლოა, ვირუსის მეორე ტალღის მიზეზი გახდეს. დემონსტრანტები კი ირწმუნებიან, რომ ნარატივი კოვიდ-19-ის მეორე ტალღის შესახებ სოციალური მედიის "კოვიდიდიოტების" მოგონილია.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში 8 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული დაიღუპა.

დღის ამბები