ქვეყანაში ხვალიდან რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო ორი თვის განმავლობაში დახურული სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება. მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის შეკრებასთან დაკავშირებითაც.
ხვალიდან მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სილამაზის სალონებს და ესთეტიკურ ცენტრებს ესტუმრონ.
სალონების ფედერაციის პრეზიდენტი თამარ შარაშენიძე აცხადებს, რომ სავალდებულოა, ყველა სალონმა დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.
"იმისთვის, რომ სალონები გაიხსნას, აუცილებელი არ არის რეგისტრაცია. დეზობარიერი და სანიტაიზერები იქნება აუცილებელი სალონებში. თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოქვეყნებული კოვიდის შესახებ ინფორმაცია,"- განაცხადა თამარ შარაშენიძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ აუცილებელია დისტანციის და რეკომენდაციების დაცვა.
"იქ, სადაც ვერ მოხერხდება 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, უნდა გამოიყენონ ფარები, რომელიც სახეს დაიცავს. ასევე, სალაროსთან უნდა იყოს გამყოფი გამჭირვალე კედელი,"-განაცხადა ბექა ფერაძემ.
კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც კვლავ ძალაში რჩება, ეს არის 10 ადამიანის შეკრება.