ბოლო 24 საათში ბოლნისის რაიონის სოფლებში მუშევანსა და გეტაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 2 მცირეწლოვანია. ისინი მშობლებთან ერთად თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს. PCR ტესტირებამ კორონავირუსის არსებობა დაადასტურა. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ახალ, ე.წ "წითელ ზონას" - მუშევანსა და გეტაში მიმდინარეობს აგრესიული ტესტირება და თერმოსკრინინგი. მუნიციპალიტეტში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სამხედროები პატრულირებენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სიტუაცია მძიმეა, თუმცა ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ამბობს, რომ განსაკუთრებული რეჟიმი სოფლებში კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში იმოქმედებს. ამის მიუხედავად, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისში არსებული სიტუაცია მარნეულის გახსნის თარიღზე ვერ იმოქმედებს და მუნიციპალიტეტში გადაადგილება ხვალიდან გახდება ნებადართული.
ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები თითქმის 2 თვეა ჩაკეტილია. სპეციალისტების შეფასებით, ბოლო პერიოდის დინამიკა მარნეულში მკაცრი ზომების მოხსნის საშუალებას იძლევა. თუმცა სოფლებში მაინც გაგრძელდება საინფორმაციო კამპანია, ასევე - საეჭვო შემთხვევების თერმოსკრინინგი და ტესტირება.
ზუგდიდში კი კლასტერი იზრდება. გამოვლენილია კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა. სამივე მათგანი იმ სატვირთო ავტომობილის მძღოლს უკავშირდება, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ახლა ინფიცირებულია მისი დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი. სამივე მათგანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. თვითიზოლაციაშია 15 ბავშვი, რომელთაც ინფიცირებულ თანატოლებთან ჰქონდათ კონტაქტი.
თავად მძღოლი რუხის სამედიცინო ცენტრში იმყოფება. როგორც ირკვევა, ის შიდა გადაზიდვებზე მუშაობდა. იმყოფებოდა ზუგდიდში, ფოთში, თბილისში, რუსთავსა და მარნეულში. ურთიერთობა ადამიანების მცირე ჯგუფთან ჰქონდა, რომლებიც, ამჟამად, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სპეციალისტები ამ დრომდე იკვლევენ კონტაქტებს, რომლებსაც ინფიცირებული პანაშვიდზე შეხვდა. ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე, სადაც მამაკაცი ცხოვრობს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები თერმოსკრინინგს მთელი დღის განმავლობაში ატარებდნენ.
ამ დროისთვის ე.წ. სატვირთოს მძღოლის კლასტერის 24 კონტაქტი თვითიზოლაციაში, 8 კი საკარანტინო რეჟიმში იმყოფება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი მომდევნო დღეებში კიდევ გაიზრდება.