სააპელაციო სასამართლოს მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დადგენილი განაჩენის აღსრულების გადავადებაზე უარს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" დაუსაბუთებლად აფასებს.
EMC მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მსგავსად კვლავ ფორმალური არგუმენტით თქვა უარი განაჩენის აღსრულების გადავადებაზე და სათანადოდ არ შეაფასა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები.
ორგანიზაციის სისიხლის სამართლის ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის შეფასებით, დეკანოზის მიმართ სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებები არღვევს ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან სტანდარტებს და აგრძელებს გიორგი მამალაძის მიმართ არაჰუმანური მოპყრობის პრაქტიკას.
"ფაქტობრივად, სასამართლომ მიუთითა, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ დასკვნაში არ იყო მითითებული სიტყვა მძიმე ავადმყოფობა, არ გადაავადა განაჩენის აღსრულება. თუმცა, ამავე დროს, სასამართლომ მიუთითა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა.
შესაბამისად, ამ ორი ურთიერთშეუსაბამო განმარტების პირობებში ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და სასამართლომ ვერ შეძლო სწორად და ადეკვატურად შეეფასებინა მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარემოებები,"- განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.