თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც შ.პ.ს "ლიდერფუდის" საქმეს ეხება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2019 წლის 17 ივნისს, მოპასუხის მიერ წერილობითი შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და მოსარჩელე ირაკლი დუმბაძის სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების თანახმად, შეწყდა სიძე - სიმამრს შორის დადებული შპს "ლიდერიფუდის" კაპიტალის 50% წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელე აღირიცხა ამავე კომპანიის კაპიტალის 50% წილის მესაკუთრედ.
სასამართლოს ინფორმაციით, არჩილ კბილაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც სარჩელის დავით ზეიკიძისთვის ჩაბარებას დაადასტურებდა, სიმართლეს არ შეესაბამება და არის სიცრუე.
"2019 წლის 22 მაისს, შპს "სკს"-ს კურიერმა მოსარჩელის მიერ გაგზავნილი დოკუმენტები კონვერტით ჩააბარა დავით ზეიკიძის სამუშაო ადგილის მიხედვით უფლებამოსილ პირს, რაც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, როგორც თავად კურიერმა, ასევე ოფის-მენეჯერმა. გზავნილის ჩაბარების ფაქტი დასტურდება შპს "სკს"-ს ინფორმაციითაც.
აღსანიშნავია, ისიც რომ მოგვიანებით, დავით ზეიკიძემ შეცვალა პოზიცია და აღიარა, რომ მას ჩაბარდა გზავნილი, თუმცა გზავნილი არ იყო სასამართლოს კონვერტი სარჩელით და თანდართული დოკუმენტებით. რა კონვერტი ჩაბარდა, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა და მიუთითა, რომ ის არ შეინახა და დაცვის უფროსმა გადააგდო.
აქვე აღვნიშნავთ, რომ 2019 წლის 21 მაისს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სასამართლოსადმი მომართული განცხადებით დასტურდება, რომ დავით ზეიკიძისათვის ცნობილი იყო ირაკლი დუმბაძის მიერ მის მიმართ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით, იცოდა დავის არსი, საქმის ნომერი, ჩაბარებული ჰქონდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება, რომელზეც მომართა ფორმალური საჩივრით და მიუთითა, რომ სასამართლოს მომართავდა დამატებით და წარმოადგენდა მტკიცებულებებს, თუმცა შემდეგ არც დამატებით წარმოუდგენია რაიმე.
ამდენად, მიგვაჩნია, რომ ადვოკატ არჩილ კბილაშვილის მიერ მედიასთან გაკეთებული განცხადება არის აშკარად დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი, რომელიც შეიცავს ცრუ ინფორმაციას და შესაბამისად, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,"- ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "ლიდერფუდის" მეპატრონეს, დავით ზეიკიძეს საკუთარი სიძე ირაკლი დუმბაძე უჩივის და 2018 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მან კომპანიის 50% დავით ზეიკიძეს 1 მლნ ლარად გადასცა. ირაკლი დუმბაძემ უკვე მოიგო ორი ინსტანციის სასამართლო და, ამ ეტაპზე, საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს.
როგორც კბილაშვილმა 29 მაისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეიკიძეს კომპანიის წილის 50% მეორე მხარის დაუსწრებლად, არსებითი განხილვის გარეშე დაუბრუნა, რადგან მოპასუხე მხარემ სასამართლოში შესაგებელი სარჩელი არ წარადგინა.
კანონმდებლობის მიხედვით, სარჩელის ჩაბარების ვალდებულება მოპასუხე მხარისთვის მოსარჩელეს, ამ შემთხვევაში კი ირაკლი დუმბაძეს ჰქონდა. კბილაშვილის მტკიცებით, დავით ზეიკიძეს სარჩელი არ ჩაბარებია, შესაბამისად, ის სასამართლოში შესაგებელს ვერ შეიტანდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ 10 დღის ვადაში, 2019 წლის ივნისში, "ლიდერფუდის" 50% ირაკლი დუმბაძეს მიაკუთვნა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.