18 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ეკატერინე ტიკარაძე ხვალ პარლამენტში არ მივა - მინისტრი თარიღის გადადებას ივნისის ბოლომდე ითხოვს

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატებს", რომელმაც მინისტრი კომიტეტის სხდომაზე დაიბარა, უარის წერილი გაუგზავნა. წერილში მინისტრი აცხადებს, რომ კომიტეტის სხდომაზე ვერ მივა და მისი ვიზიტის გადადებას ივნისის ბოლო კვირამდე ითხოვს.

"სამინისტრო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, კომიტეტს გააცნოს პროგნოზირების სხვა ინსტრუმენტები, გარდა იმისა, რაც უკვე იქნა გაზიარებული ანგარიშის ფარგლებში. აქვე მოგახსენებთ, რომ სამინისტრო სრულად იზიარებს საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში ფასწარმოქმნის მექანიზმების დახვეწის აუცილებლობას და მზად არის განაახლოს ტარიფიკაციის პროცესზე მუშაობა პრიორიტეტული სერვისებისთვის.

ამ პირობებში, გეგმიურ ჩარევებზე შემცირებული მოთხოვნის და გლობალურად სამედიცინო მარაგების მოწოდების პროცესის სირთულეების გათვალისწინებით, 2019 წლის 5 ნოემბრის N520 დადგენილების შუალედური შედეგების შეფასება ვალიდურად ვერ ჩაითვლება. საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჰოსპიტალური სერვისების ტარიფების დადგენის სამუშაო პროცესი განახლდა მაისის ბოლოს და მიმდინარე თვე დაეთმობა 520-ე დადგენილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით დამატებითი მექანიზმების სრულად ამოქმედებას,"- ნათქვამია მინისტრის წერილში. 

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ხვალისთვის ელოდებოდნენ. მინისტრი "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს.

ფრაქციის წევრებს, კორონავირუსის გარდა, შეკითხვები 520-ე დადგენილებისა და სოციალური მუშაკების გათავისუფლების შესახებაც ჰქონდათ.

დღის ამბები