პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პირები, რომლებიც ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხეში არაადეკვატურ სასჯელს იხდიან, უნდა გათავისუფლდნენ. დეპუტატი ამნისტიასთან დაკავშირებული ინიციატივით დღეს პარლამენტს მიმართავს.
ბესელია აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანომ, პირობის მიუხედავად, ამ თემაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო და იმედოვნებს, რომ ამჯერად მის ინიციატივას გაითვალისწინებენ.
"ნარკოპოლიტიკის რეფორმა, რომელიც იყო უმნიშვნელოვანესი პროცესი, პრაქტიკულად, გაჩერდა და ალბათ, ამ მოწვევის პარლამენტში ეს რეფორმა ბოლომდე არ მივა.
საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მიუთითებს საკანონმდებლო ხარვეზზე. ამნისტიის კანონი იქნება გამოსავალი, როგორც ჰუმანური აქტი, შეეხოს იმ პატიმრებს, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდიან საკმაოდ დიდ სასჯელს და ამაოდ ელოდებოდნენ ამ საკანონმდებლო ცვლილებას," - განაცხადა ეკა ბესელიამ.