07 სექტემბერი 2026,   13:34
ვრცლად
"შედარებით იმატებს ე.წ მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი... 9-15 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძველი არაა" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა, რომელიც ბოლო პერიოდში ფიქსირდება მოულოდნელი არ ყოფილა.

გამყრელიძის თქმით, ამის მიუხედავად, მოქალაქეებს სიფრთხილე მართებთ.

"ის, რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ხდება, როდესაც ჩვენ გვაქვს 9, 11, 13, 14, 15 შემთხვევა ყოველდღიურად, ეს პრინციპში პროგნოზირებადი იყო, ეს არ არის მოულოდნელობა. პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მოგეხსენებათ, ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ეს არ არის არც პანიკის, არც რაღაც შეშფოთების საფუძველი, თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს. ეს ყველაფერი მართვადია, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია და ამ ტიპის სვლით ჩვენ არაფერი პრობლემა არ შეგვექმნება. ჯანდაცვის სისტემა მართავს ამ ინფიცირებულებს.

ერთი ასეთი დინამიკა შეიმჩნევა, დღეს საღამოს ან ხვალ ალბათ გამოქვეყნდება ჩვენი მეორე მიმოხილვა და იქ ნახავთ, რომ შედარებით იმატებს ე.წ მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში. ეს ახალი დადასტურებული შემთხვევებიც, შემიძლია გითხრათ, რომ კლინიკურად შედარებით უფრო დამაკმაყოფილებელია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები