27 აპრილი 2024,   04:19
ვრცლად
ე.წ. ქურდულ გამოძალვაში, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდი თემურ გვასალია იგივე "თემო სუხუმსკი" ფიგურირებს, ჩეჩნური კვალი არ დადასტურდა

ჩეჩნური კვალი არ დადასტურდა ე.წ. ქურდულ გამოძალვაში, სადაც ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი თემურ გვასალია, იგივე "თემო სუხუმსკი" ფიგურირებს. გამოძიების ინფორმაციით, გვასალიები ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერების "მაგამედისა" და "ხაკიმის" სახელით მოქმედებდნენ. საუბარია ადამიანის გატაცებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე, ასევე ფულის - 60 ათასი დოლარის გამოძალვაზე.

მამა-შვილი გვასალიები საზღვარგარეთიდან, მათი მოგვარე კიდევ ერთი გვასალია კი საქართველოდან მოქმედებდნენ. სწორედ ის ჰყავს დაკავებული გამოძიებას. თუმცა ამ საქმეში ყველაზე გავლენიანი თემო სუხუმსკია, რომლის კრიმინალური არეალი რუსეთს, უკრაინას და ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდება. ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს კრიმინალურ წრეებში, განსაკუთრებით კი ოკუპირებული სოხუმის შავ სამყაროში.

თემურ გვასალია თავის დროზე საქართველოში სწორედ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ყალბი პასპორტით შემოვიდა.

ეს არის სენაკის ცენტრში მდებარე სასტუმრო, რომლის მფლობელსაც გამოძიების ინფორმაციით, ჩეჩნური დაჯგუფების სახელით 60,000 დოლარს სძალავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ოჯახის ლიკვიდაციით და შვილის გატაცებით ემუქრებოდნენ.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ჩეჩნური დაჯგუფების სახელით სასტუმროს მფლობელს მერაბ ყურაშვილს ფულს აკაკი გვასალია სძალავდა, მის უკან კი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ. სატალეფონო ჩანაწერებში, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, თემურ გვასალია, იგივე თემურ "სოხუმსკი" ფიგურირებს, მისი სახელით კი მამა-შვილი გვასალიები მოქმედებდნენ. სამართალდამცველებმა 44 წლის აკაკი გვასალია ფაქტზე მაშინ დააკავეს, როდესაც ის მერაბ ყურაშვილისგან თანხას ითხოვდა. 

გაშიფრული სქემის მიხედვით, სასტუმროს მფლობელს ბრალდებულისთვის 60,000 დოლარი უნდა მიეცა, რომელიც შემდეგ საზღვარგარეთ მყოფ "სოხუმსკისთვის" უნდა გადაეგზავნათ. 48 წლის თემურ გვასალია, უკვე წლებია საქართველოში არ ცხოვრობს, 2015 წლის კრიმინალური ავტორიტეტი რუხში დააკავეს, მან ე.წ. კანონიერი ქურდობა არ უარყო, თუმცა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მტკიცებულებების არარსებობის გამო დარბაზიდანვე გაათავისუფლა. 

რატომ სძალავდნენ ბიზნესმენს ქურდული სამყაროს წევრები თანხას, დაზარალებული ყურაშვილი არ საუბრობს, სენაკში მის საცხოვრებელ სახლშიც ახლა არავინაა. "კურიერმა" სასტუმროს მფლობელთან ტელეფონით დაკავშირება სცადა, თუმცა ზარს მისმა ოჯახის წევრმა უპასუხა და "კურიერს" უთხრა, რომ დაზარალებული ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსს გადის.

კამერებთან საუბარი არ სურთ არც ბრალდებულის ოჯახს. იქ სადაც აკაკი გვასალია ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, დანაშაულის დეტალებზე არ საუბრობენ.

მასშტაბური სპეცოპერაცია სენაკში რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. პოლიციამ თანხის ნაწილი 10,000 დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო, ბრალდებული კი ფაქტზე დააკავა.

გამოძიების ვერსიის არ სჯერა და ბრალდებულის უდანაშაულობაში დარწმუნებულია გვასალიას ინტერესების დამცველი. როგორც ლაშა ხოშტარია ამბობს, საქმეში არსებული მტკიცებულებები ბრალეულობას არ ადასტურებს და მასალების სრულად გაცნობის შემდეგ, ის დაკავებულის უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცდება.

გამოძიება ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისთვის მიმდინარეობს. დაკავებული ამ ეტაპზე ბრალს არ აღიარებს.

 

დღის ამბები