საქართველოში, 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით, რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა დასნებოვანების 119 შემთხვევა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (829) 14,4%-ს შეადგენს, მათ შორის 84,9% (101 შემთხვევა) არის სამედიცინო პერსონალი და 15,1% (18 შემთხვევა) - ტექნიკური პერსონალი. ამის შესახებ საუბარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ანგარიშში, რომელიც უწყებამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა
როგორც NCDC-ის ანგარიშშია ნათქვამი, დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდან (101 პირი) ერთი შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი COVID-19. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში 100 ადამიანს შეადგენს, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 12,06%-ია. ხსენებული რაოდენობიდან ლეტალურად დასრულდა 1 შემთხვევა (ექთანი ქალი, 70 წლის, ქვემო ქართლი), სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას დაინფიცირებულ სამედიცინო პერსონალში ლეტალობამ 1% შეადგინა.
შემთხვევათა განაწილება პროფესიული ჯგუფების მიხედვით:
ექთანი - 58% (58 შემთხვევა)
ექიმი - 31% (31 შემთხვევა)
უმცროსი სამედიცინო პერსონალი - 10% (10 შემთხვევა)
ექიმი-ეპიდემიოლოგი - 1% (1 შემთხვევა)
ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის უდიდეს ნაწილს (84%) ქალები წარმოადგენენ.