გიორგი რურუა, რომლის საქმის გამოც "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას გაემიჯნა, ისევ პატიმრობაში რჩება. დღეს მის საქმეზე კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა.
სასამართლო პროცესზე გიორგი რურუამ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
"მივესალმები ამ შეთანხმებას და იმედი მაქვს, რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის, ქვეყნის მომავლისთვის და ასევე მახარებს, რომ რაღაც ნაბიჯი გადაიდგა წინ," - აღნიშნა სასამართლო პროცესზე რურუამ.
დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი დაიკითხა. მათგან ერთ-ერთი ის პირია, რომელმაც რურუას დაკავების ოპერაცია დაგეგმა.
რურუას მომდევნო სასამართლო სხდომა, ოთხშაბათს, 24 ივნისს გაგრძელდება.