18 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
სოციალურ აგენტებთან კომუნიკაცია უახლოეს დღეებში მექნება - სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი

სოციალურ აგენტებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი პასუხობს. გიორგი წოწკოლაური თანამშრომლებთან შეხვედრას და მოკლაპარაკებას აპირებს. მისი ინფორმაციით, უწყებას ექნება გარკვეული შეთავაზებები.

"აქამდე არ ჰქონდათ მიმართული მაგალითად პირადად ჩემთვის, რომ მე მათ შევხვედროდი. არც ეს არ იყო არანაირი პრობლემა, პირიქით, მე აქეთ გამოვთქვამ სურვილს და მექნება მათთან კომუნიკაცია უახლოეს დღეებში. ის ფიქსირებული ხელფასი, რაზედაც საუბრობენ 80 ლარზე, ეს იყო შეთანხმება, რომ ეს ყოფილიყო მათთვის სამგზავრო თანხა და ამაზე მინისტრმა მოგვცა უკვე დავალება და შეჯერებული ვართ, რომ ეს თანხა გაორმაგდება.

როგორც კი რეორგანიზაციის ეს ფაზა დასრულდება და ეს ძალიან მალე იქნება, მათთვის კონტრაქტები გახდება ჯერ 6 თვიანი, შემდეგ 1 წლიანი," - განაცხადა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი გიორგი წოწკოლაური.

შეგახსნებთ, რომ სოციალურმა აგენტებმა შრომითი უფლებებისა და ხელფასის გაუმჯობესების მიზნით დავა დაიწყეს, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, 21 დღიან ვადაში შეხვედრები ვერ მოხერხდა და ამჯერად აძლევენ ვადას ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მათ ეს შეთავაზება - მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით მიიღონ.

აღნიშნული ვადა ჯანდაცვის სამინისტროს ორშაბათამდე აქვს. იმ შემთხვევაში თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, სოციალური აგენტები აცხადებენ, რომ ისინი იძულებულები იქნებიან უკიდურეს ფორმას მიმართონ და გაიფიცნონ. მათი მთავარი მოთხოვნა მინისტრთან და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრა იყო, რათა მოესმინათ განმარტებები, თუ რატომ ვერ მოხერხდა მედიაციის პირობებში, 21 დღეში შეხვედრების განხორციელება იმისთვის, რომ მათი შრომითი დავა მოგვარებულიყო.

დღის ამბები