გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ დღეს დაკავებულ პირებს უშუალოდ ფეხბურთელის გარდაცვალების ეპიზოდში არ აქვთ ბრალი წარდგენილი. მან იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება სიმართლეს დაადგენს.
"რაც შეეხება ამ 17 პირის დაკავებას, ბუნებრივია, გამოძიებას ექნება სათანადო მტკიცებულებები, რომ ისე არ მოხდეს, ვიწერთ ხოლმე ადამიანებს და მერე სასამართლო ამართლებს. ზუსტად ამიტომ არ ჩქარობდა ოჯახი და არ ვაკეთებდით მძაფრ განცხადებებს, პირიქით, თანამშრომლობით მივდიოდით გარკვეულ შედეგებამდე.
ჯერჯერობით, გამოკვეთილია ის, რაც ჩვენს ეპიზოდს არ უკავშირდება, ამაზე აქვთ ბრალდებები წაყენებული, მაგრამ სათანადო მტკიცებულებების მოგროვების შემდეგ ვნახავთ სიმართლეს, რამდენადაა ეს ხალხი კვეთაში ჩვენს ეპიზოდთანაც. შესაძლო ფიზიკური ძალადობის ვერსიას ვიხილავთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს დადგენილი ფაქტი არ არის. ამიტომ, რომ ვთქვა რომელიმე პირზე, რომ თუნდაც ეჭვი მაქვს, ვერ ვიტყვი, რადგან ჯერ უნდა დადგინდეს ძალადობის ფაქტი და შემდეგში გამოიკვეთოს მისი ჩამდენი პიროვნება,"-განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. "კურიერმა" დაკავებულების ნაწილის ვინაობა გაარკვია. ესენი არიან: ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, მორაგბეები ნიკა ჟვანია, არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე; ასევე, თენგო ბარბაქაძე და საბა ჩხარტიშვილი; დაკავებულებს შორის არიან ირაკლი მუმლაძე და ვახო ჩიქოვანი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შემდგომში ბრალი დამძიმდეს ან ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.