24 აპრილი 2024,   07:59
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, კახეთში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი მიწის ნაკვეთის გასხვისებაზე დაწყებული დავა გახდა

კონფლიქტი ნათესავებს შორის ეზოში, სუფრაზე დაიწყო. თუმცა იქ არ დასრულებულა. ფიზიკური ანგარიშწორება, ქუჩაში გაგრძელდა.

ცეცხლსასროლი იარაღით ბრალდებულმა, ჯერ შოთა მაზნიშვილს ესროლა, შემდეგ კი, მის თანმხლებ პირს ანზორ მოსესოვს. 30 წლის მაზნიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მოსესოვი კი ყელის არეში მიყენებული ჭრილობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. თან ჰქონდა საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღიც. რამდენიმე საათიანი სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ის დააკავეს.

რა მოხდა გურჯანიის რაიონის სოფელ ჩუმლაყში გუშინ ღამით, ადგილობრივებს საუბარი არ სურთ. მომხდარს ბევრი თვითმხილველიც არ ჰყავს. სოფელში მხოლოდ ის იციან, რომ ხმაურს და კამათს იარაღიდან სამჯერ გასროლა მოყვა.

"კურიერის" ინფორმაციით, მძიმე დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთი მიზეზი ყოფით ნიადაგზე, კონკრეტულად მიწის ნაკვეთის გასხვისებაზე დაწყებული დავა გახდა. ირკვევა ისიც, რომ კონფლიქტის დროს სამივე მათგანი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

ინციდენტში მონაწილე პირების ოჯახის წევრებს კამერებთან საუბარი არ სურთ. უპასუხოდ ტოვებენ კითხვას - უკავშირდება თუ არა მათ შორის მომხდარი გარჩევა წარსულში არსებულ დაპირისპირებას.

ამ დრომდე მძიმეა დაჭრილი ანზორ მოსესოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის გურჯაანის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე რჩება, დაჭრილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები