გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ნაწილი მოსამართლის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. დღეს საქმის დეტალებზე ისაუბრა ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ვახო ახვლედიანის ადვოკატმა.
მზია ქასრაშვილის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მყოფმა ახვლედიანმა დაინახა, როგორ მისდევდა რამდენიმე პირი გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს, თავად ახვლედიანმა კი, არაგვის მახლობლად ხევში მიმალვა შეძლო.
ვახო ახვლედიანის უფლებადამცველი უბედურ შემთხვევას გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა ეს მკვლელობა იყოს.
"ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტია, აცხადებს, რომ გარდაცვლილს მიყენებული აქვს ბლაგვი საგნით დაზიანება, რომელიც მუშტს არ ჰგავს. ამან გამიჩინა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ თავისი თავის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რადგან მისდევდნენ და უყვიროდნენ,"- განაცხადა მოწმის ადვოკატმა მზია ქასრაშვილმა.
დაკავებული ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ განჩინება ამ დრომდე არ ჩაბარებიათ. ვადა დღის 5 საათზე იწურება.
ადვოკატების ნაწილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
ერთ-ერთი ბრალდებულის გიგა ტატიაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია, რა ხდებოდა მცხეთაში და შესაბამისად შურისძიების მოტივიც არ ჰქონდა.
ადვოკატის თქმითვე, გიგა ტატიაშვილს მხოლოდ მძღოლის ფუნქცია ჰქონდა.
"მისმა მეგობრებმა სთხოვეს და იძულებული გახდა, რომ უკან დაბრუნებულიყო. მას ჰქონდა მხოლოდ მძღოლის ფუნქცია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, რა ხდებოდა მცხეთაში. ან მართლა რაღაც სერიოზული იმალება ამ ყველაფრის უკან ან ვერ წერენ ვერაფერს. კითხვის ნიშნები გეომეტრიული პროგრესიით იმატებს,"- განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.
დღის განმავლობაში ადვოკატები მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
შეგახსენებთ, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისის ღამეს გაუჩინარდა და ოთხ დღეში მაშველებმა მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვნეს.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.