18 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ადვოკატი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ფატალური შედეგი ბლაგვი საგნის გამოყენებამ გამოიწვია

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ვახო ახვლედიანის ადვოკატს მზია ქასრაშვილს ეჭვი აქვს, რომ 18 ივნისის ღამეს არა უბედური შემთხვევა, არამედ - მკვლელობა მოხდა. ამის შესახებ ადვოკატმა "დღის კურიერში" ისაუბრა. 

"წინაზე მე ვერ ვისაუბრებდი მკვლელობის ვერსიაზე, იმიტომ რომ მაშინ ეს დამოუკიდებელ ექსპერტს არ გაუჟღერებია. ეს გაჟღერდა მხოლოდ გუშინ, რომ მას მოხვდა არა მუშტი, მუშტზე უფრო მაგარი ბლაგვის საგნის მაგვარი საგანი. ჩემი გადასახედიდან ეს ნიშნავს იმას, რომ მას მოხვდა რაღაც უფრო მაგარი ბლაგვის საგანი, რამაც გამოიწვია მისი ფატალური შედეგი. ეს არის ჩემი ვერსია და არა სხვისი. შესაძლებელია სხვისი ვერსიაც იყო ასეთი, ან განსხვავებული იყოს. ასე მივხვდი მე და ვაფიქსირებ ჩემს აზრს. 

ამ ვერსიას ამყარებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც გამორბოდა მეორე მანქანის მოსვლის შემდეგ. პირველი გამორბოდა ვთქვათ, შაქარაშვილი, მეორე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მესამე ამირხანაშვილი. მათ თითქმის მთელი ხიდი გადაიარეს, გადმოკვეთეს გზა საპირისპირო მიმართულებით, სადაც კი ნახა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ბეტონის ფილა დამთავრდა, იქ ჩაკვეთა გზა, მიუხედავად იმისა, რომ ციცაბო იყო ამას არ მიაქცია ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო რისკი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაკვეთა მეორეხარისხოვანი გზა და იქვე ბუჩქებში მიიმალა," - განაცხადა მზია ქასრაშვილმა.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულში აღმოჩენილი ჰემატომა შეუძლებელია, გამოწვეულიყო მუშტის ერთჯერადი დარტყმით, თუმცა, შესაძლებელია, განვითარებულიყო დაგორებითაც. ექსპერტი აღნიშნავს, რომ კატეგორიული დასკვნების გაკეთების საშუალება ლაბორატორიული გამოკვლევების და საერთო მონაცემების შეჯერების შემდეგ იქნება შესაძლებელი. 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება, რაც ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებს გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შემდგომში ბრალი დამძიმდეს ან ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

დღის ამბები