19 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
4000 მედიკოსი ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და მართვის საკითხებში გადამზადდება

4000 მედიკოსი ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და მართვის საკითხებში გადამზადდება. სწავლებას 37 სამედიცინო დაწესებულებისა და დაავადებათა კონტროლის 60 რეგიონული ოფისის პერსონალი გაივლის. ამის შესახებ მედიასთან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით,  ამ პროგრამაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს:

"უნდა მივეჩვიოთ, რომ უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული მზადების სისტემა სამედიცინო პრაქტიკაში უნდა იყოს სავალდებულო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში სხვა ქვეყნებთან შედარებით სიტუაცია შედარებით მშვიდია COVID19-თან დაკავშირებით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს და სერიოზულად უნდა მოემზადოს ჯანდაცვის სექტორი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გადამზადების ფარგლებში ექიმები და ექთნები ინფექციების კონტროლზე თეორიულ ცოდნას მიიღებენ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს განივითარებენ. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც მედიკოსებს კონსულტაციას სპეციალისტები გაუწევენ.

სწავლება მედპერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობის ფარგლებში ხორციელდება და COVID-19-ის ინფექციის მეორე ტალღისთვის მზადყოფნას ემსახურება. სამომავლოდ კურსის ონლაინპლატფორმა დაინერგება და მედიკოსთა გადამზადებას პერმანენტული სახე მიეცემა. პროექტი დაავადებათა კონტროლის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის, ასევე შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

დღის ამბები