01 მაისი 2024,   21:20
ვრცლად
"COVID-19-ის სამიზნე მხოლოდ ფილტვები არ არის" - ახალი კვლევებით პანდემიის ფატალურ მხარეებზე

მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევათა რიცხვმა 12 მილიონს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში თითქმის 555 000 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით, მსოფლიოში აშშ ლიდერობს, სადაც COVID-19-ის 3 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

მეორე ადგილზე ბრაზილიაა 1.7 მილიონი შემთხვევით, ხოლო მესამე ადგილზე ინდოეთია, სადაც COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი 770 ათასს უახლოვდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დღევანდელი განცხადებით, ირკვევა, რომ ჯანმო არ ენდობა წევრი ქვეყნების მიერ პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების სრულფასოვნებას, რის გამოც სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს ქმნის.

როგორც ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, კომიტეტს ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰელენ კარტერი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სერლიფი უხელმძღვანელებენ.

ახალი კვლევებით კი დასტურდება, რომ კორონავირუსის სამიზნე მხოლოდ ფილტვები არ არის. სულ უფრო მეტი კვლევა აჩვენებს, რომ COVID-19 დაკავშირებულია ტვინის პოტენციურად ფატალურ დაზიანებასთან და ნევროლოგიურ პრობლემებთან. ამას ადასტურებს ჟურნალ "ბრეინში" გამოქვეყნებული კვლევის ანგარიშიც. მიუხედავად მსოფლიოში არსებული მძიმე პანდემიური ვითარებისა, რიგი ქვეყნები რეგულაციების შემსუბუქებას კვლავ აგრძელებენ.

ლასვეგასის სასტუმროები და კაზინოები პანდემიის გამო დახურულ კარს ისევ ხსნიან, თუმცა ვიზიტორების მიღებას მხოლოდ ახალი რეგულაციების დაცვით შეძლებენ.

შეერთებულ შტატებში ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები ტრამპის ხელისუფლებას კორონავირუსის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარების დაგვიანებაში ადანაშაულებენ. სპეციალისტების თქმით, იმის გამო, რომ ქვეყანას არ აქვს ვირუსთან ბრძოლის ერთიანი სამოქმედო გეგმა, შეერთებულ შტაბებში ინფიცირებისა და ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა.

შეერთებული შტატებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის შეთანხმება მიღწეულია - ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გააკეთა. გაეროს განმარტებით, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლის 6 ივლის დატოვებს, ამ დროის განმავლობაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვალდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გადაუხადოს დაგროვილი დავალიანება.

ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა, რომლის გარშემოც სპეკულაციები დღემდე არ წყდება, სპეციალური მედია ტური მოაწყო. ვუჰანის ეროვნული ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ინსტიტუტის გარშემო არსებულ შეთქმულების თეორიებზე ისაუბრა და შეეცადა აეხსნა, რომ დაწესებულება ვირუსებს ხელოვნურად არ ქმნის და ისინი ბიოუსაფრთხოების კვლევებზე მუშაობენ. იონ ჟიმინგის თქმით, ვუჰანის ლაბორატორია ფრანგულ ჩინური პროექტია და მხარეები ინსტიტუტში მიმდინარე კვლევებზე ინფორმირებულები არიან.

COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა იაპონიის დედაქალაქში. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას ბოლო 24 საათში 224 პაციენტი დაემატა. მიზეზი უბნებში, სადაც ბარები და რესტორნები მდებარეობს, სწრაფი ტესტირების ჩატარების რაოდენობის გაზრდაა. ტოკიოს გუბერნატორი ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის კიდევ უფრო მატებას აანონსებს. მისი განმარტებით, თუკი ახლა 3 400 სწრაფი ტესტის ანალიზი ჩატარდა, უახლოეს მომავალში მისი რაოდენობა 10 000-მდე გაიზრდება.

BBC წერს, რომ ისრაელში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვმა იმატა. როგორც ტელევიზიას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა, ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა ნაადრევი იყო და ინფიცირების შემთხვევების მატებაც სწორედ ამას უკავშირდება.

კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა კი მსოფლიოში 12 მილიონს გადააჭარბა. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, კვლავ მოუწოდებს ქვეყნებს კორონავირუსის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით ბრძოლისკენ.

დღის ამბები