"უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტის" წინააღმდეგ პროტესტი განახლდა. აქცია 17:00 საათზე დაანონსდა, "მოქალაქეები" ახლა პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებიან. ადგილზე საკმაოდ დიდი რაოდენობის სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
ამასთან, პარლამენტის უკანა შესასვლელთან ოპოზიციამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეების ხმის გაჟღერებას პარლამენტში და მშვიდობიან პროტესტს.
"ამ ეტაპზე ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი ხმის გაჟღერებას პარლამენტში, ძვირფასო მოქალაქეებო, და, გამოვიყენებთ მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმას თქვენთან ერთად. ამ ქმედებებით მთავრობამ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა საკუთარ ხალხთან, თავისუფალ სამყაროსთან და ზურგი აქცია ჩვენს ევროპულ გზას," - განაცხადა თამარ კორძაიამ.
გარდა ამისა, "ლელოს" წევრის, საბა ბუაძის შეფასებით, ის, რაც გუშინ რუსთაველის გამზირზე მოხდა, კიდევ უფრო დააახლოებს ქართველ ხალხს ევროპასთან და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გამოიყვანს კანონპროექტის წინააღმდეგ.
"კარგად უნდა იცოდნენ, რომ ეს კიდევ უფრო დააჩქარებს ამ ხელისუფლების დასასრულს, ეს კიდევ უფრო დააახლოებს ქართველ ხალხს ევროპასთან და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გამოიყვანს რუსული კანონისა და რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ," - აღნიშნა საბა ბუაძემ.