16 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
თუ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჩარიცხული თანხა, ორგანიზაციისთვის და არა ფიზიკური პირისთვის, 20%-ზე მეტია ამ ორგანიზაციის წლიური შემოსავლის, მათ მოუწევთ დარეგისტრირება - ანრი ოხანაშვილი

უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დასკვნით ეტაპზეა. მუხლობრივი მსჯელობა ამოწურულია, თუმცა პროცედურა ახლა სიტყვით გამოსვლებს ითვალისწინებს, რის შემდეგაც, დღეს გაიმართება თუ არა კენჭისყრა, მოგვიანებით გავიგებთ.

განხილვის დროს იყო ხმაური, კამათი, შეურაცხმყოფელი განცხადებებიც, თუმცა მოვისმინეთ შინაარსობრივი მსჯელობაც.

"რა შინაარსი აქვს საერთოდ ამ რეგულაციას? გამოიდება თანხების ჩამონათვალი და ეწერება რაღაც ფიქტიური მიზნობრიობა. თუ მიზნობრიობას აკონტროლებ, რაღაც ცენზურა და კონტროლი იქნება. ეს ქვეპუნქტი მესამე პუნქტის ამიხსენით რა შინაარსის არის,“ - კითხვა "გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა დასვა.

ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უპასუხა:

"თქვენ რაც არ უნდა ეცადოთ, გუშინაც იგივეს აკეთებდით და დღესაც იგივეს აგრძელებთ, სამწუხაროა, მაგრამ, კი ბატონო, ეს თქვენი უფლებაა, რომ ვითომ ვერ გაიგეთ, რა წერია. ძალიან კარგად გაიგეთ და სპეკულაციურად სვამთ იგივე შეკითხვას, ამიტომ გპასუხობთ. ეს ფუნქცია სამინისტროს არ ექნება გამოძიების წარმოების, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები განახორციელოს და ჩხრეკა-ამოღების და ა.შ. იცით და მაინც სვამთ. გრანტში გათვალისწინებული მიზნობრიობა თუ მითითებულია, იგივე უნდა მიუთითოს. ამას თუ არ მიუთითებს, ეს იქნება არასწორი ინფორმაციის მითითება და ამაზე გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ზოგადი პოზიციების მიღმა, დაისვა კონკრეტული კითხვები - მათ შორის ჯარიმებზე, ორგანიზაციებზე, რომელსაც შეეხება ახალი რეგულაცია და კანონის ძალაში შესვლის ვადებზე.

"ყველა პუნქტებში არის, მეოთხეშიც, რეგულაციები იუსტიციის სამინისტროს დასადგენია. როგორი პროცედურით მოხდება - ჩვენ, რაც გავიარეთ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, კონსულტაციებით ჩამოაყალიბებს ამას?", - კითხვა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ დასვა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრების გასამართად, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური სივრცე დაეთმობა:

"რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტროს ექნება სივრცე იმისთვის, რომ ორგანიზაციებთან გააკეთოს საინფორმაციო შეხვედრა, სთხოვოს მათ კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება, რომ ეს იყოს კოორდინირებული, შეიძლება იყოს გარკვეული საკითხები, რომლებიც ორგანიზაციებმა უკეთ იციან, რა კუთხით, რა ინფორმაციის მითითებაა საჭირო, ან რა ინფორმაცია შეიძლება არ იყოს საჭირო. ამიტომ, ასეთი კონსულტაცია მიზანშეწონილი არის და ასეთი კომუნიკაცია, ვფიქრობ, საჭიროა, რომ განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ამას იუსტიციის სამინისტრო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს,“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

"საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის კითხვა შეეხებოდა ადამიანებს, რომლებიც საქართველოს გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან და აკეთებენ შემოწირულობას, კანონის ფარგლებში, რომელი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლებიან?

"დავუშვათ, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წევრები არიან, ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეები და ამასთანავე სხვა ქვეყნის მოქალაქეები, და ეს ადამიანები აკეთებენ შემოწირულობას, საწევროს. მაინტერესებს, ამ შემთხვევაში, რომელი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ითვლება ეს ორგანიზაცია?“ - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების შეტანილ თანხებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.

"თანხა საიდანაც ჩაირიცხა, უნდა მიუთითონ - საიდან ჩაირიცხა თანხა. თუ ეს არის უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ ჩარიცხული იმ ოდენობის თანხა, საქართველოს მოქალაქეების შეტანილ თანხას აქ მნიშვნელობა არ აქვს, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჩარიცხული თანხა ორგანიზაციისთვის და არა ფიზიკური პირისთვის 20%-ზე მეტი ამ ორგანიზაციის წლიური შემოსავლის, მათ მოუწევთ დარეგისტრირება,“ - აცხადება ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები