19 აგვისტო 2026,   19:00
ვრცლად
მედიაში ვირუსულად გავრცელებული ერთ-ერთი ვიდეო მასალის მთავარი ფიგურანტი, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტია

მედიაში ვირუსულად გავრცელებული ერთ-ერთი ვიდეო მასალის მთავარი ფიგურანტი, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი დავით ჯაბაურია.

გუშინ მთელი ღამე ვრცელდებოდა მისი ძალის გამოყენებით გაყვანის კადრები. დღეს ასევე სოციალურ ქსელში, კიდევ ერთი მასალა დაიდო, რომელშიც ჩანს, რომ ახალგაზრდის მიმართ ეს ქმედებები პოლიციის მისამართით შეგინებამ გამოიწვია. საპასუხო ქმედებებმა, ვითარება ადგილზე განსაკუთრებულად დაძაბა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დილით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პოლიცია პროცესში ერთვება მაშინ, როდესაც აქცია ხდება ძალადობრივი ხასიათის, ხელოვნურად ხდება ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების ბლოკირება და არსებობს თავდასხმების რისკი. ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა დაკავებულების შესახებაც.

"აქციის ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა მითითებებს და განაგრძობდნენ შესასვლელების განზრახ ბლოკირებას, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პოლიციამ უზრუნველყო პარლამენტის შენობის გამოსასვლელის გათავისუფლება და ადგილზე პოლიციის კორდონის განთავსება, რათა პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

პოლიციამ უზრუნველყო დეპუტატების უსაფრთხო გაყვანა, ამასთან, აქციის მონაწილეებს სრულად ჰქონდათ შესაძლებლობა კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად გაეგრძელებინათ პროტესტის გამოხატვა. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მშვიდობიანად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ თავდასხმებს პოლიციელებზე და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას.

საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს. ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს.
წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 63 პირი დააკავეს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსმა თანამშრომელმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

დღის ამბები