საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძე უკვე ორი დღეა უკანონო ტყვეობაში იმყოფება. 33 წლის მამაკაცი ახალგორის იზოლატორიდან დღეს ცხინვალის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მამაკაცი ოკუპანტებმა დაკავების დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ევროკავშირის მონიტორების ინფორმაციით, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გახელაძის მეუღლე იმედს იტოვებს, რომ უკანონო პატიმარი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობას მალე შეძლებს.
დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ სოფელ ქვემო ჭალაში. ე.წ. გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე სოფელში ოკუპანტების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას შემაშფოთებლად მიიჩნევენ.
ამ დრომდე უცნობია, სად იმყოფება სხვილოს ციხესთან ზაზა გახელაძესთან ერთად სოკოს საკრეფად წასული პირი. მამაკაცმა ჩვენება ქართველ სამართალდამცველებს უკვე მისცა. საქმეზე დამატებით ინფორმაციას არც კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ფლობს. სტეფანე მესროფაშვილის განმარტებით, მას კონტაქტი მხოლოდ გატაცებულის ოჯახთან აქვს.
გატაცების ფაქტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებამ საოკუპაციო ძალებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებისა და დატყვევებული მამაკაცის დაუყოვნებლივ გადმოცემისკენ მოუწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპანტების ქმედებებს ე.წ. გამყოფ ხაზთან ვითარების ესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს.
33 წლის ზაზა გახელაძე გუშინ ოკუპანტებმა ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი უკანონოდ დააპატიმრეს. საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სხვილოს ციხესთან მამაკაცი, სავარაუდოდ, სოკოს საკრეფად იმყოფებოდა. ფაქტთან დაკავშირებით უკვე ორი დღეა საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი ინფორმირებულია. ადგილზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი.