18 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
ოკუპანტების მიერ დაჭრილი და გატაცებული ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია 

48 საათზე მეტი ოკუპანტების ტყვეობაში - 33 წლის ზაზა გახელაძე, ახალგორის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან სამი დღის წინ გატაცებული მამაკაცი ფეხშია დაჭრილი და როგორც ირკვევა, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს, მედიატორის როლს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასრულებს. როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, ზაზა გახელაძეს ოჯახთან კომუნიკაცია მხოლოდ ერთხელ ჰქონდა.

33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან სხვილოს ციხის სიახლოვეს დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა. 

დღის ამბები