15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ნეიტრალური მოწმეები დაიკითხნენ.
ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მარიანა ჩოლოიანის მიმართ ბრალი დაუსაბუთებლად არის წარდგენილი.
"მათ მიერ მიცემული ჩვენებებით სასამართლოში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მარიანა ჩოლოიანის მიმართ დაუსაბუთებლად არის ბრალი წარდგენილი. მათი ჩვენებებით, მათი იქ ყოფნის პერიოდში არანაირი სახის დაძაბულობა, ზეწოლა და იძულება, რაზეც ბრალია აგებული მარიანა ჩოლოიანის მიმართ დაუსაბუთებლად, ადგილი არ ჰქონია," - აცხადებს ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.
პროკურორ ლევან ქუთათელაძის თქმით კი, სხდომებზე დაკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებით დგინდება, რომ მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ლუკა სირაძეზე ჩვენების მიცემის იძულებას ჰქონდა ადგილი.
"დღეს, ასევე წინა სხდომებზე, სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებით ცალსახად იკვეთება, რომ ბრალდებულ მარიანა ჩოლიანის მიერ ადგილი ჰქონდა 2019 წლის 10 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვან ლუკა სირაძეზე ჩვენების მიცემის იძულებას, შესაბამისად ამ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მან ნამდვილად ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა არასრულწლოვან ლუკა სირაძეზე, მოწმეები ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ," - აცხადებს საქმის პროკურორი ლევან ქუთათელაძე.