შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის დამატებითი მასალები გადაეცათ ადვოკატებს. საუბარია აუდიო, ვიდეო და წერილობით მტკიცებულებებზე. მოცულობითი მასალები უკვე 18 ტომს შეადგენს. ალექსანდრე კობაიძის თქმით, საქმეში არსებული მასალები ვერ ადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას. ასევე ცნობილი ხდება, რომ გურამ ამირხანაშვილის მეხუთედ გამოკითხვა აღარ იგეგმება.
ადვოკატი ალექსანდე კობაიძე აცხადებს, რომ ტომების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად მტკიცებულება, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის პირდაპირი შემხებლობა დასტურდება დანაშაულთან არ არის:
"18 ტომია, მაგრამ არანაირი მტკიცებულება პირდაპირი შემხებლობით, რომ დასტურდებოდეს რაიმე ფორმით თუნდაც ის ბრალდებები რაც უკვე გვაქვს წარდგენილი, აღნიშნულთან დაკავშირებით არაფერია ახალი. ახალი ფიგურანტები შესაძლო დანაშაულის ადგილზე ჩნდებიან იმ დღეს სხვადასხვა დროის მონაკვეთში," - აცხადებს ადვოკატი.
ალექსანდრე კობაიძის თქმით, მათ სამართალდამცავი ორგანოებისგან აინტერესებდათ მოხდა თუ არა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის გურამ ამირხანაშვილის მორიგ ჯერზე გამოკითხვა:
"ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო რომ ბატონი ამირხანაშვილის გამოკითხვა მოხდა, თუ არა მეხუთედ, სამართალდამცავებმა განგვიცხადეს, რომ მისი მეხუთედ გამოკითხვა არ ყოფილა იმიტომ, რომ უკვე აზრი აღარ ჰქონდა ამ პიროვნების გამოკითხვას. ამ ადამიანის მიცემული ჩვენება არადამაჯერებელია და კითხვებიც კი არ აქვს სამართალდამცავ ორგანოებს," - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
რაც შეეხება "ტოიოტა ქამრიში" მყოფ არჩილ გაგნიძეს, ის 19 ივნისის ღამით შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მისი ადვოკატის ვასილ მამულაშვილის მტკიცებით, ახალგაზრდა მცხეთაში სიტუაციის განსამუხტად ჩავიდა.
"გამოკითხვის ოქმებიდან თუ ვიხელმძღვანელებთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წავიდა იმის გამო, რომ გარკვეული პირები წამოეყვანა და ასევე განიხილება შესაძლო კონფლიქტის საკითხი, რა დროსაც ეს ადამიანები საქმეზე გარკვევის მიზნით ჩავიდნენ და არა იმის გამო, რომ ვინმე დაეზიანებინათ ან ეცემათ," - აღნიშნა ვასილ მამულაშვილმა.