გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საგამოძიებო პროცესის გასაგრძელებლად პროკურატურა დამატებით ვადას ითხოვს - "კურიერმა" ექსკლუზიურად გაარკვია, რომ ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტი 31 დღის გადასავადებლად მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართავს.
მოსამართლემ შუამდგომლობა სამი დღის განმავლობაში უნდა განიხილოს და დაცვის მხარის პოზიციები მოისმინოს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის შედგება შაქარაშვილის საქმის წინა სასამართლო სხდომა - 31 ივლისს, თუ ერთი თვის შემდეგ - 31 აგვისტოს.
პარალელურად, საქმეზე გამოკითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროში განახლდა. დღეს უწყებაში მოწმის სტატუსით ერთ-ერთი არასრულწლოვანი მივიდა.
შესვლამდე არც მას და არც ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუ მოწმეები უწყებაში გამოკითხვაზე არ მივლენ, ბრალდებულთა ადვოკატები მათ გამოკითხვას უკვე სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვენ.
იგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაც. ამ საკითხზე ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის უფლებადამცველი პენიტენციური დაწესებულებისთვის ოფიციალურად მიმართვასაც გეგმავს.
არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება მის ინტერესებში არ შედის.
"მიზეზად ასახელებენ იმას, რომ სრულყოფილი გამოძიებისთვის სჭირდებათ დამატებითი დრო. ამას სჭირდება დასაბუთება. როდესაც გავეცნობით შესაბამის არგუმენტს, გვაქვს კანონით მონიჭებული ვადა პოზიციის დასაფიქსირებლად. შესაბამისად თუ მტკიცებულებებია, არ არსებობს ინტერესი, რომ წინასასამართლო სხდომის ვადა გაგრძელდეს,"- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.
დაკავებულის ადვოკატებს უწყება დაუკავშირდა და ოქმების გაფორმება დაიწყო.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.
საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.