"ლილოს" და "დინამოს" ბაზრობები დღეს ცხელ წერტილად იქცა, სადაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობა დიდია. გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრები, რომელთაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ სწორედ ამ ბაზრობებზე იყვნენ დასაქმებული. ინფიცირებულთა კონტაქტები - პირდაპირი და ირიბი კავშირები მოძიებულია. მათი რაოდენობა 94-ია. ისევ დაუდგენელია ინფიცირების წყარო.
არ არის გამორიცხული, პირველადი ინფიცირების წყაროები გაიზარდოს. ბაზრობებზე სავარაუდო კონტაქტების მოკვლევა ისევ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ტერიტორიების დაკეტვა არ იგეგმება, თუმცა კონტროლი გამკაცრდება, აქტიურად ჩატარდება თერმოსკრინინგი და დაწესებულ რეგულაციებს მკაცრად გააკონტროლებენ.
არსებულმა ეპიდსიტუაციამ და სტაბილურმა მდგომარეობამ მოქალაქეების მოდუნება გამოიწვია. "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა "ლილოს" ბაზრობაზე არსებული მდგომარეობა გადაიღო. თერმოსკრინინგი არავის უტარდება, არც სადეზინფექციო ხსნარებს იყენებენ და მოქალაქეებს, ხშირ შემთხვევაში, რეგულაციების დაცვა ჟურნალისტების დანახვის შემდეგ ახსენდებოდათ.
იგივე მდგომარეობაა "დინამოსთან" მდებარე ბაზრობაზე, მარტივი წესების დაცვა, რაც პირბადის გამოყენებას გულისხმობს, არსებული ტემპერატურიდან გამომდინარე, ადგილზე დასაქმებულებსაც უჭირთ.
ეპიდსიტუაცია არ მშვიდდება, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებამ დაივიწყა და შეიქმნა ილუზია, რომ კორონავირუსი დამარცხებულია. ბოლო 10 დღეში გამოჯანმრთელებულთა რიცხვს აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ერთ კვირაში 63 დადასტურებული შემთხვევაა საქართველოში, აქედან 7 -ის ინფიცირების წყარო დაუდგენელია. სპეციალისტები მოქალაქეებს მარტივ წესებს ახსენებენ - სოციალური დისტანცია, ნიღბების ტარება, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის ნორმების დაცვა.