30 წლის ქალის მკვლელობისთვის, რომელსაც ცივი იარაღით 16-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ბრალი მის მეგობარს, 45 წლის ქალს წაუყენეს.
ქუთაისში მომხდარი მკვლელობის საქმე 108-ე მუხლიდან 109-ე მუხლზე გადაკვალიფიცირდა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მუხლი 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალი 45 წლის ქალს დღეს ოფიციალურად წარუდგინეს. ბრალდებულმა გამოძიებასთან დანაშაულის მოტივზეც ისაუბრა.
გამოძების ფარგლებში დაკავებულია კიდევ 2 პირი. მათ ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ. დაზარალებული ოჯახის უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული მუხლით ბრალდებულთა წრე კიდევ გაიზარდოს. რაც შეეხება სავარაუდო დამნაშავის მეუღლეს, მასთან გამოძიებას შეკითხვები ამ ეტაპზე არ აქვს.
საზოგადოების ნაწილის აზრით, დაკავებულთა შორის ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩის ის მცხოვრებლებიც უნდა იყვნენ, რომლებმაც დაჭრილი ქალის ყვირილი გაიგეს და შესაბამის სტრუქტურებს დახმარებისთვის დროულად არ მიმართეს. ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე არ გამორიცხავს, რომ მათ დიდ ნაწილს შესაძლოა, მნიშვნელოვანი ფოტო და ვიდეო მასალაც ჰქონდეს, თუმცა მისი გავრცელებისგან თავს იკავებენ.
რაც შეეხება ბრალდებულს. მისი ადვოკატის განცხადებით, ქალი დანაშაულს არ აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ 2 დღის განმავლობაში მედიას და საზოგადოებას საპირისპირო ინფორმაცია ჰქონდა.
მკვლელობა ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე 18 ივლისს მოხდა. ელისო ჩეჩელაშვილს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მისმა მეგობარმა, 45 წლის ქალმა მიაყენა.