26 დეკემბერი 2024,   18:16
ვრცლად
უკავშირდება თუ არა ლერი სულაბერიძეზე გუშინ მომხდარი თავდასხმა 21 წლის წინანდელ ფაქტს, როდესაც მას საკუთარ სახლთან 3 ჭრილობა მიაყენეს

ლერი სულაბერიძეზე შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე დაკავებული ირაკლი ღლონტია. ღლონტი დილიდან ვაკის პოლიციის პირველ განყოფილებაში ორ უფლებადამცველთან ერთად მოწმის სტატუსით მივიდა. შემდეგ ჩატარდა მისი ბინის ჩხრეკა და დღის ბოლოს, იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით ის საპატიმროში გადაიყვანეს.

წარსულში ნასამართლევი 40 წლის ირაკლი ღლონტი, მისი ადვოკატის თქმით, სულაბერიძეს იცნობდა, თუმცა თავად სულაბერიძე მას ვერ იხსენებს.

მომხდარის შესახებ დეტალები არ იცის დაკავებულის ოჯახმა. "კურიერი" ირაკლი ღლონტის მამას ესაუბრა რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ ის იცის, რომ მათი სახლი გაჩხრიკეს. 

ღლონტის სახლში ჩხრეკამდე დაათვალიერეს დაცხრილული ავტომობილი. საგამოძიებო მოქმედებისას გაირკვა, რომ 5 გასროლის მიუხედავად, მანქანას მხოლოდ 2 ტყვია მოხვდა. დღეს პოლიციის ეზოში ლერი სულაბერიძის მანქანასთან, სავარაუდოდ, ის ავტომობილიც იდგა, საიდანაც ცეცხლი გახსნეს. სულაბერიძე ჰყვება, რომ მას უკნიდან სწორედ მუქი მანქანა დაეწია და მარცხენა მხრიდან მისკენ 5 ჯერ გაისროლეს. 

ლერი სულაბერიძე - ყოფილი ფეხბურთელი, "ვერის საძმოს" ყოფილი წევრი, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და საფეხბურთო კლუბ დინამოს ყოფილი ხელმძღვანელია. მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობის პირობებში ის 1992 წლიდან 2001 წლამდე, ჯერ იყო კლუბის დირექტორი შემდეგ კი ვიცეპრეზიდენტი. თითქმის 20 წელია სულაბერიძე სამართლებრივად დაობს დინამოს 100 პროცენტიანი წილის დასაბრუნებლად.

სულაბერიძეზე შეიარაღებული თავდასხმა გუშინ პირველად არ მომხდარა, მსგავსი ისტორიით დაიწყო "კურიერი " 1999 წლის 6 მაისს.

არსებობს თუ არა კავშირი ძველ დაპირისპირებებსა და გუშინ მომხდარ ფაქტს შორის, უცნობია. "კურიერმა" გაარკვია, რომ თავად ირაკლი ღლონტი ამბობს, რომ სულაბერიძეს 2 წლის წინანდელი "პირადი ამბის" გამო ესროლა.

შეიარაღებული თავდასხმა ლერი სულაბერიძეზე გუშინ საღამოს წყნეთის გზაზე მოხდა. სახლისკენ მიმავალ სულაბერიძეს გასროლილი 5 ტყვიიდან არცერთი არ მოხვედრია.

დღის ამბები