პარასკევს, ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების შერიგების მიზნით დაგეგმილი მორიგი შეხვედრა შესაძლოა, აღარ გაიმართოს. გვარებს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი, ახალი მიზეზი დუისში მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვის ფაქტი ხდება.
2019 წელს მომხდარ მკვლელობის საქმეს, რის გამოც გვარებს შორის დაპირისპირება დღემდე გრძელდება, ბოლო ინციდენტის მოტივად განიხილავს პოლიცია. სამართალდამცველებმა გასულ წელს მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა ასლან მუთოშვილი და ოჯახის კიდევ 3 ახლობელი დაკითხეს. მუთოშვილები სახლის დაცხრილვასთან შემხებლობას კატეგორიულად უარყოფენ.
მუთოშვილები სწორედ მურად ქავთარაშვილს ადანაშაულებენ პანკისში შეიარაღებული ჯგუფის ხელმძღვანელობაში, რომლის მონაწილეობით სოფელ საკობიანოსთან 2019 წელს ვისო მუთოშვილი მოკლეს. მაშინ ქავთარაშვილი ფეხში დაიჭრა. მკვლელობის საქმეზე კი მისი ძმის შვილი არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს. მურად ქავთარაშვილის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ დანაშაული ვისო მუთოშვილის მკვლელობაზე შურისძიებაა.
2019 წლის დაპირისპირებაში მონაწილე, ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების გვარების, ქისტური ადათის მიხედვით შერიგებას ხეობის უხუცესები დღემდე უშედეგოდ ცდილობენ. პანკისის სახალხო კრების ლიდერებს უჭირთ საუბარი გუშინ მომხდარი 5 გასროლა არის თუ არა შურისძიება 37 წლის კაცის მკვლელობისათვის.
სახლში, რომლის მისამართითაც გუშინ 5-ჯერ ისროლეს დღეს ქავთარაშვილების ოჯახის ახლობლები იკრიბებოდნენ. თავად მურად ქავთარაშვილის ოჯახის წევრებმა მედიასთან კომენტარი მხოლოდ გუშინ გააკეთეს. მათი თქმით, გასროლა მაშინ განხორციელდა, როდესაც პანკისში თბილისიდან ჩასული მურად ქავთარაშვილი სახლში შედიოდა.
გამოძიება საქმეზე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და მუქარის მუხლებით მიმდინარეობს. საქმეზე ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. უცნობია დანაშაულის მოტივიც. თუმცა, მთავარი ვერსიად ხუთი შვილის მამის ვისო მუთოშვილს მკვლელობისათვის შურისძიება რჩება.