დღეს სასამართლო ბრალდებული ექიმების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ერთ-ერთი მათგანი, ექიმი მაგდა ხოჭოლავა, რომელიც იტალიის მოქალაქეა, საქართველოში არ იმყოფება. ამიტომ, აღკვეთის ღონისძიების ფორმა მას დაუსწრებლად შეეფარდება.
არაკვალიფიციური სპეციალისტების მიერ შეცდომით ჩატარებული ოპერაციის საქმეზე სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომას ამ საქმეზე ორი დაკავებული დაესწრება.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორ გიორგი ლობჟანიძეს სამსახურებრივ გულგრილობას, ხოლო ვახტანგ ყიფიანს, თაღლითობას და უკანონო საქმიანობას ედავებიან. რაც შეეხება ექიმ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც იტალიის მოქალაქეა, მას ლიცენზიის გარეშე ანესთეზიოლოგიური და რეანიმატოლოგიური მომსახურების გაწევაში ედება ბრალი. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.
საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა. დაზარალებულის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
"ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ სამართლიანობა დამკვიდრდეს, ვინც არ უნდა იყოს ეს - მაღალჩინოსანი იქნება თუ დაბალჩინოსანი, ეს არის ოჯახის უპირველესი მოთხოვნა, აღდგეს სამართლიანობა, ვინაიდან მისი გოგონა დღესაც კლინიკაში იმყოფება 20 თვის განმავლობაში, 2018 წლის 11 დეკემბრიდან,"-განაცხადა ოჯახის ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა.
დაზარალებულის ოჯახის კიდევ ერთი ადვოკატის, მაია ნიკოლაშვილის განცხადებით, დამნაშავეების დასასჯელად ის გარემოებაც კმარა, რომ შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მოქმედებდნენ.
"კატეგორიულად ითხოვს დაზარალებულის ოჯახის წევრები, რომ დაისაჯონ ის ექიმები, ის წარმომადგენლები, რომელთაც კანონის ფარგლებში არ ჰქონდათ უფლება, უკანონო ქმედება ჩაიდინეს. თუნდაც ერთადერთი გარემოება არის აბსოლუტურად ლოგიკური კანონის ფარგლებშიც, რომ ლიცენზიის გარეშე მოქმედებდა ექიმი, რომლის კომპეტენციაა და მას სიცოცხლეს ვაბარებთ ჩვენ, შესაბამისად, არ მოახდინა რეაგირება და გულგრილობა გამოიჩინა,"-განაცხადა დაზარალებულის ოჯახის ადვოკატმა.