კახეთში ეკლესია დაარბიეს და გაძარცვეს - სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან თანხა მოიპარეს. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოხდა. დაზიანებულია ხატები და ჩამსხვრეულია მინები. დანაშაულის შესახებ ადგილობრივებმა დღეს დილით შეიტყვეს. ადგილზე პოლიცია მუშაობს.
დამნაშავეების იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა. რაც შეეხება თავად დაყაჩაღებას და თავად შემთხვევას, როგორც ადგილობრივები და ერთ-ერთი სასულიერო პირი "კურიერთან" საუბარში აღნიშნავს, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან დაახლოებით 50 ლარამდეა წაღებული და ასევე დაზიანებულია ერთ-ერთი ხატი. როგორც ადგილობრივი აღნიშნავს, ხატი დაზიანდა მაშინ, როდესაც დამნაშავე ეკლესიიდან ფანჯრიდან შეღწევას ცდილობდა.
"როგორც ჩანს ფანჯრიდან არიან შესულები იმიტომ, რომ კარები დაკეტილი იყო. პირველ რიგში გადაჭრილი არის ელექტროსადენები, თითქოს ვიდეოკონტროლის შეეშინდათ და გადაჭრეს სადენები. მერე შესულები არიან შიგნით რა თქმა უნდა. როდესაც ფანჯრიდან არის გადასული ეტყობა კანდელზე დაახტა სიბნელეში იყო, თუ დღისით იყო, კანდელია გადმოვარდნილი," - აცხადებს დეკანოზი, ჩუმლაყის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი მამა გრიგოლ მთვარელიშვილი.
"კურიერთან" საუბარში ადგილობრივებმა და სასულიერო პირებმა ისიც აღნიშნეს, რომ მომხდარი ინციდენტი მუნიციპალიტეტში ეკლესიის გაქურდვის პირველი შემთხვევა არ არის.
საგამოძიებო მოქმედებები საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს. გამოძიება მიმდინარეობს 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.