19 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
რუსეთმა პატივი უნდა სცეს მისი მეზობლების სუვერენიტეტს, განსაკუთრებით საქართველოს - სტივენ ბიგანი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანმა ვიდეოკონფერენციაზე - "საქართველო და მისი სამეზობლო", დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ უნდა გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთზე, რათა მან 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს.

მისივე განცხადებით, რუსეთმა უკან უნდა გაიწვიოს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს.

"2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, თუ რა საშიშროების წინაშე ვართ და რატომ ვცდილობთ, რომ რეგიონი იყოს უსაფრთხო და კონფლიქტებისგან თავისუფალი. რუსეთის აგრესიის შედეგად, ასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, რამაც უნდა გვაიძულოს, რომ გავაორმაგოთ ჩვენი მცდელობები, ზეწოლა განვახორციელოთ რუსეთზე, რათა სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, უკან გაიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთმა პატივი უნდა სცეს მისი ყველა მეზობლის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, განსაკუთრებით საქართველოსი," - განაცხადასტივენ ბიგანმა.

შეგახსენებთ, რომ ვიდეოკონფერენციაში "საქართველო და მისი სამეზობლო" აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მონაწილეობდნენ. მხარეებმა განიხილეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და რეგიონში მიმდინარე პროცესი.

დღის ამბები