19 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
მედიკოსებმა ბრალდებული ექიმების მხარდასაჭერად მორიგი აქცია გამართეს

ექიმები ისევ კოლეგების მხარდასაჭერად ერთიანდებიან. მიზეზი ამ შემთხვევაშიც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ბრალდებული დირექტორი და თანამშრომლები არიან. სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი ფიქრობს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება უსაფუძვლოა, რადგან კანონი მედიკოსების მხრიდან არ დაირღვა. დღეს ბრალდებულებისთვის კიდევ ერთი მხადამჭერი განცხადება გაკეთდა.

მედიკოსები ამბობენ, რომ მათი კოლეგები უსაფუძვლოდ არიან დაკავებულები და მათთვის მიუღებელია ის გარემოება, რომ პროკურატურა ამ შესაძლო დანაშაულს თაღლითობის მუხლით იკვლევს. დღეს შეკრებილი ექიმები ამბობენ, რომ ეს არა თაღლითობა, არამედ გაუგებრობაა და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, დაინტერესდეს ამ ფაქტით.

ექიმები აცხადებენ, რომ საქმის დეტალებთან დაკავშირებით ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები და ჯანდაცვის მინისტრს კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ მან საკითხის პირადად შესწავლის და მეტი დეტალის გამოკვლევის პირობა გასცა.

"საქმის მასალებით ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ცხადია, რომ კლინიკური კუთხით მათ არანაირი დანაშაული არ მიუძღვის. მოქმედი კანონმდებლობით ის ჩარევა, რაც განხორციელდა არსად არ წერია, რომ მას შეეძლო ამის გაკეთება. ჩვენი მოთხოვნა არის ერთი, რომ წინასწარი პატიმრობა გაუქმდეს, ამას ემსახურებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ექიმების სოლიდარობა და მეორე ეს არის - გადაიხედოს რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტი, რითაც ხელმძღვანელობს პროკურატურა, რომ ეს საქმე აღძრა," – აცხადებს საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხუჭულავას პატიმრობა.

დღის ამბები