02 მაისი 2024,   23:37
ვრცლად
ფონიჭალაში დაღუპულებს შორის 2 არასრულწლოვანია - ავტომობილის მძღოლი, რომელიც ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა მიიმალა

ოთხი დაღუპული და სამი დაშავებული - მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში მოხდა. გარდაცვლილებიდან ორი არასრულწლოვანია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ორი არასრულწლოვანი ამ დროისთვის მკურნალობას "ნიუ ჰოსპიტალში" განაგრძობს. ერთ-ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მეორე დაშავებულის მდგომარეობა გაცილებით მსუბუქია და შესაძლოა ის უკვე სახლში მალე გაეწეროს.

რაც შეეხება მომხდარს, შემთხვევა გუშინ, დაახლოებით ღამის 11 საათზე მოხდა. დაშავებულებიც და გარდაცვლილებიც ქვეითად მოსიარულეები არიან, რომლებსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ რამდენიმე გარდაცვლილი ერთი და იგივე ოჯახის წევრია. გარდაცვლილებს შორის არის 2 არასრულწლოვანი და 2 სრულწლოვანი პირი.

"გუშინ დაახლოებით 11 საათისთვის საღამოს შემოვიდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ბავშვი, ამათგან ერთი იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავლობით მულტიპროფილური დაზიანებებით და მალევე გარდაიცვალა.

მეორე პაციენტი, რომელიც ასევე მრავლობითი დაზიანებებით არის, იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე და მესამე პაციენტი იყო მსუბუქი და ის უკვე ბინაზე მკურნალობს, გაეწერა," - განაცხადა ექიმმა.

მომხდარის გარემოებებთან დაკავშირებით არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა არსებობს ვერსია, რომ დაშავებულები და გარდაცვლილები, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ, იმ მომენტში ქორწილიდან ბრუნდებოდნენ და სახლებში დაბრუნებას აპირებდნენ, ავტომობილში ჩასხდომას აპირებდნენ, რა დროსაც მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

ავტომობილის მძღოლთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის, "კურიერის" ინფორმაციით, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას სამართალდამცავები ეძებენ.

დღის ამბები